საჯარო სამსახურის რეფორმის მნიშვნელოვანი მიღწევაა ახალი კანონის მიღება საჯარო სამსახურის შესახებ, რომლის მიზნად განისაზღვრა კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა. რეფორმის განხორციელებას წინაპირობად მრავალი წარმატებული ინიციატივა უძღვის, მათ შორის, საქართველოს მთავრობის მიერ 2012 წლის შემდეგ მიღებული სამთავრობო პროგრამა „ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული საქართველოსთვის“, რომლის ერთ-ერთ მიმართულებას საჯარო სამსახურის რეფორმა წარმოადგენდა, ასევე 2015 წლიდან მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის საჯარო სამსახურისა და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულება, რომლის მიზანიცაა დამსახურების პრინციპზე დაფუძნებული ეფექტური და ეფექტიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბება. გარდა ამისა, პროცესს ხელი შეუწყო და კიდევ უფრო მეტად გაამყარა 2014 წლის 27 ივნისს საქართველოსა და ევროავშირის მიერ მიღებულმა ასოცირების შეთანხმებამ, რაც ითვალისწინებს საჯარო სამსახურის რეფორმის მხარდაჭერას ანგარიშვალდებული, ქმედითი, ეფექტიანი, გამჭვირვალე და პროფესიონალური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბების მიზნით.
საჯარო მმართველობის რეფორმის მნიშვნელოვანი მიღწევაა ახალი კანონის მიღება საჯარო სამსახურის შესახებ, რომლის მიზნად განისაზღვრა კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული სტაბილური, ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა.
საჯარო სამსახურში ცვლილებების დანერგვამ უზრუნველყო ახალი, საჯარო სამსახურის დასავლური პრინციპების მიხედვით ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს ახლებური მიდგომების შემოღებას საჯარო სექტორის ორგანიზაციული კულტურისადმი, მენეჯმენტის ახალი პრაქტიკებისა და გამოცდილებების გამოყენებას, სიახლეებს საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მიმართულებით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ 2015 წელს მიღებული საქართველოს კანონი 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა, და კანონით განისაზღვრა სამსახურში მიღების, კონკურსის ჩატარების, შესრულებული სამუშაოს შეფასების, რანგირების წესი და პროფესიული საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები.
განსხვავებით ძველი (1997 წლის) კანონისაგან, ახალი კანონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია ის, რომ იგი ერთმანეთისაგან მიჯნავს ხელისუფლების სამ შტოს და მათ მიერ განხორციელებულ ფუნქციებს, საჯარო სამსახურის ცნების ქვეშ მოიაზრებს მხოლოდ საჯარო მმართველობის განხორციელებას და ასევე ძველი კანონისგან განსხვავებით, განსაზღვრავს საჯარო მმართველობის განმახორციელებელი პირების სამართლებრივ სტატუსს. ახალმა კანონმა ასევე განაპირობა პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტის დაფუძნება კარიერულ პრინციპზე, სადაც საჯარო მოხელეები დაცულნი არიან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობების პირების პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან.
საჯარო სამსახურის რეფორმის მიმდინარეობას კოორდინაციას უწევს საჯარო სამსახურის ბიურო, რომლის მისიაა საქართველოს საჯარო სამსახურის ერთიანი პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა და პროფესიული, კარიერულ პრინციპზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის განვითარება, კანონმდებლობის დახვეწის, ეფექტიანი და გამჭვირვალე მმართველობისა და ეთიკური სტანდარტების დანერგვის, აგრეთვე, ანტიკორუფციული პოლიტიკის მხარდაჭერის გზით. საჯარო სამსახურის ბიურო, როგორც საჯარო სამსახურის რეფორმის წამყვანი უწყება, მიზნად ისახავს სიტუაციის ანალიზზე, კვლევებსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, დაიხვეწოს საჯარო სამსახურის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა, გაუმჯობესდეს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვა და დაინერგოს ელექტრონული მმართველობის პროექტები.